საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში 700-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა
ოფიციალური მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ ყოველთვიურად საქართველოში დაახლოებით 2 000 ახალი ბიზნესსუბიექტი რეგისტრირდება რუსეთის მოქალაქეების მიერ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული რუსული წარმოშობის ბიზნესების რიცხვი 11 ათასს აჭარბებს. რეგისტრაციის დოკუმენტაციის შესწავლა აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისას ან ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მისაღებად მასობრივად იყენებენ ფიქტიურ მისამართებს და ტელეფონის ნომრებს. რადიო ,,თავისუფლების" მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, 15 აგვისტოს შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტირებული ბიზნესების ნახევარზე მეტი, 2 288, თბილისზე მოდის. რეგიონებიდან ყველაზე მეტი რუსული ბიზნესი ბოლო თვეებში სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაჩნდა.
ადიგენში, სოფელ ვარხანში მანუჩარ ჭაღიაშვილის საცხოვრებელი სახლის მისამართზე 2022 წელს ასზე მეტი რუსეთის მოქალაქე ინდმეწარმე და ერთი რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ამის შესახებ მეცხრე არხი ჯერ კიდევ სექტემბერში წერდა, რომ ამ მისამართზე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები რეგისტრაციისთვის იყენებენ, არათუ მეწარმეები, თავად პატრონიც კი არ ცხოვრობს.

სოფელ ვარხანში მანუჩარ ჭიღიაშვილის სახლი ერთადერთი მისამართი არ არის, სადაც ბევრი რუსული წარმოშობის ბიზნესია რეგისტრირებული. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი აბი აქვს მითითებული სამასამდე რუსულ კომპანიას და მეწარმეს.

ბორჯომში, მესხეთის ქუჩის 31 ნომერში მშენებარე ფართი რეგისტრაციის მისამართად გამოყენებული აქვს 451 რუსეთის მოქალაქეს;

ადიგენში, სოფელ უნწის ბაღები 2022 წელს 70-ზე მეტმა მეწარმემ გამოიყენა რეგისტრაციის მისამართად;
IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში 6 ათასიდან 10 ათასამდე ანგარიშს ხსნიან. არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის 31 აგვისტოს 60 ათასზე მეტ რუსეთის მოქალაქეს ჰქონდა აქტიური ანგარიში ქართულ ბანკებში.
საქართველოში ინდმეწარმის სტატუსი დაბალ გადასახადებსაც გულისხმობს - ინდმეწარმეები შემოსავლის მხოლოდ 1%-ს იხდიან ბიუჯეტში, მაშინ როცა სხვა შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მცირე 20%-ია. იმ 11 ათასზე მეტი რუსული წარმოშობის ბიზნესიდან, რაც საქართველოში 2020 წელს დარეგისტრირდა, 90%-ზე მეტი სწორედ ინდმეწარმის სტატუსით სარგებლობს.
| Print |