საზოგადოება
ახალციხეში შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „მხიარული სტარტები" გაიმართა

დღეს ახალციხეში შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „მხიარული სტარტები" გაიმართა. მასში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარები შეხვდნენ ზღაპრის გმირებს, ასევე გაიმართა მათი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.

„მხიარული სტარტები" არასამთავრობო ორგანიზაციის „კავშირი თანადგომა შვილებს“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. „მხიარული სტარტების" დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს ახალციხის მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 3 დეკემბერს აღინიშნება. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
| Print |