ზაზა მელიქიძის ოჯახის კომპანია 2 000 ლარით დაჯარიმდა
19:27 / 14.04.2023
ახალციხის საკრებულოს წევრისა და ყოფილი მერის, ზაზა მელიქიძის ოჯახის კომპანია 2 000 ლარით დაჯარიმდა. შპს „მესხეთი XXI” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ.ჭაჭარაქის მიმდებარედ ფლობს.
კომპანია მდ. „ფოცხოვის წყლიდან“ ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს. „მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, კომპანიამ წიაღისეულის მოპოვება იქამდე დაიწყო, ვიდრე სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციას (ტექნოლოგიური სქემა) წარადგენდა, დაჯარიმების საფუძველი სწორედ ეს გახდა. ახალციხის რაიონულ სასამართლოს სწორედ „მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“ მიმართა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად ზაზა მელიქიძის მოსვლის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს.