საზოგადოება
ჯავახეთის ეროვნულ პარკში პროექტი „სათემო რეინჯერი“განხორციელდა
ჯავახეთის ეროვნულ პარკსა და აჭარის რეგიონის დაცულ ტერიტორიებზე პროექტი „სათემო რეინჯერი“ განხორციელდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებიდან 17 მონაწილე შეირჩა.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდათ დაცული ტერიტორიებზე მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე.

სათემო რეინჯერები, პროექტის გუნდთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ საველე ექსპედიციებში და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში. სათემო რეინჯერების ფოტოხაფანგებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობა დააფიქსირა, რის შემდეგაც მოხდა მონაცემების დამუშავება.

პროექტის მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობით თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

პროექტი „სათემო რეინჯერი“ განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მწვანე ბორჯომი“ მიერ, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ,,ნაკრესი“ და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან პარტნიორობით, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, UNDP/GEF პროექტის ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
| Print |