ახალციხეში, მეორე მსოფლიო ომის ობელისკი ყვავილებით შეამკეს
12:19 / 09.05.2023
საქართველოში დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღნიშნეს. ახალციხეში, მეორე მსოფლიო ომის ობელისკი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ ორი მონაწილე ცხოვრობს, რეგიონში კი მათი რიცხვი ოთხამდე შემცირდა. მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ვეტერანები საჩუქრებს მერიისგანაც მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისის მასშტაბური აღნიშვნა ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს.