საზოგადოება
რა ეღირება მგზავრთა გადაყვანის ნებართვა და როდიდან ამოქმედდება ცვლილება?
საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ განცხადებები რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტში არის ინიციირებული, რომლის თანახმადაც, შიდა სამგზავრო გადაყვანა სანებართვო სისტემაში მოექცევა, ავტოსადგურები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარება.

ცვლილების შედეგად, ქვეყანაში იარსებებს საავტომობილო გადაყვანების სფეროში შემდეგი სახის ნებართვები: საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა; საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა; საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი. შესაბამისად წესდება შესაბამისი მოსაკრებლებიც.

კერძოდ, პროექტის თანახმად,საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა - 500 ლარი, ასევე 500 ლარი იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, თუმცა კანონპროექტით ამ შემთხვევაში გარდამავალი პერიოდია დაწესებული და 2025 წლის 1-ელ მაისამდე ნებართვის აღება - 100 ლარად იქნება შესაძლებელი; საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა კი, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი – 1 500 ლარი ეღირება.

„სამგზავრო გადაყვანებში (რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიხედვით) ჩართულია 4 125 პირი, ხოლო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში დაახლოებით 4500 (სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემები). წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 ახალი მეწარმე-სუბიექტი ერთვება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების საქმიანობაში (აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 800 ანებებს თავს აღნიშნულ საქმიანობას). სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებით ანალოგიურ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არ ფლობს.

შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის გათვალისწინებით სავარაუდო სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა იქნება: პირველ წელს: 4 312 500 ლარი. შემდეგ 3 წელს კი 500 000 ლარი ყოველწლიურად.

საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვით წლის განმავლობაში სარგებლობს დაახლოებით 700 უცხოელი გადამზიდველი. ამ ნაწილში არსებული ცვლილებით, 700 000 ლარი დამატებითი შემოსავალი იქნება წლიურად ბიუჯეტისთვის,“
- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ნებართვის ვადას, პროექტის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი ერთჯერადად იხდის 500 ლარის ოდენობის მოსაკრებელს და იღებს 5 წლიან ნებართვას. უცხო ქვეყნის გადამზიდველი ერთჯერადად იხდის 1500 ლარის ოდენობის სანებართვო მოსაკრებელს და იღებს ერთი გადაზიდვის განსახორციელებელ ნებართვას.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ამოქმედება 2024 წლის 1-ლი თებერვლიდან იგეგმება.
| Print |