„ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა
17:46 / 16.06.2023
„ბიბლუსის“ პროექტის - „ბიბლუსი მომავლისთვის“ ფარგლებში, აფხაზეთის #22 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყო. სკოლა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
პროექტი „ბიბლუსის“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. მისი პირველი ეტაპი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1-ელ ივნისს ჩატარდა და რამდენიმე აქტივობას მოიცავდა. ერთ-ერთი აქციის თანახმად, მთელი ქსელის მასშტაბით გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის 5% ავტომატურად ირიცხებოდა აფხაზეთის სკოლაში ბიბლიოთეკის მოწყობისთვის განკუთვნილ ფონდში. როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, აქციის ფარგლებში ჯამში 6 000 ლარამდე თანხა შეგროვდა, რაც სრულად მოხმარდა სკოლის ბიბლიოთეკის განახლებას.