საზოგადოება
4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა
4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე ((World Animal Day) აღინიშნება.

სწორედ ამ დღეს 1226 წელს დაიღუპა წმინდა ფრანცისკ ასიზელი, რომელმაც დააარსა ორდენი, რომელიც "ჩვენს პატარა ძმებს", ცხოველებსა და ფრინველებს იცავდა.

ფრანცისკის მოკრძალებულმა დამოკიდებულებამ სიცოცხლის ყოველ გამოვლინებაზე ყველა სულიერის მიმართ, იმან, რომ მას შეეძლო თანაგრძნობა და საკუთარ ტკივილზე მეტად სხვისი ტკივილის განცდა - მისი წმინდანად აღიარება განაპირობა და მისი სახელი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.

დღესდღეობით წმინდა ფრანცისკის სახელობის პრემიას ბუნების დაცვის საქმიანობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ანიჭებენ.

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ გადაწყვეტილება 1931 წელს ფლორენციაში, ბუნების დაცვის მომხრეების საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს.

სხვადასხვა ქვეყნის ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველი ცოცხლის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ.

1986 წელს ევროპის საბჭომ ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია მიიღო. ხოლო 1987 წელს - კონვენცია შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ.

არ არის საიდუმლო, რომ მრავალ ქვეყანაში შინაური ცხოველები დიდი ხანია ოჯახის სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან - მათ აქვთ თავისი საკუთარი დღესასწაულები, სამედიცინო მომსახურება, ყოველი დღის "მენიუ" და ა.შ.

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროსა და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.

საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" მიერ აღინიშნა.

2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც რეგულარულად აღინიშნება ეს დღე.
| Print |