საზოგადოება
სოლომონ ლიონიძის საფლავზე წარწერიანი ქვა განახლდა
რაბათის კათოლიკური ტაძრის ეზოში არსებულ ორ საფლავზე წარწერიანი ქვები დაიდგა. ამის შესახებ ინფორმაციას "კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო" ავრცელებს.

კათოლიკე მღვდლისა და პუბლიცისტის მამა ივანე გვარამაძის, ასევე მეფე ერეკლე II -ის მრჩევლის, სოლომონ ლიონიძის საფლავებზე ქვები ამავე პიროვნებების გამოსახულებითა და აღწერილობით, მესხეთში მცხოვრებმა კათოლიკემ, ზაზა ჩილინგარაშვილმა დადგა.
ქართველი კათოლიკე სასულიერო პირი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე, ქალაქ ვალეში 1831 წელს დაიბადა. იგი "ვინმე მესხის" ფსევდონიმით, რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს "ივერიაში," "დროებასა" და "სახალხო ფურცელში". დაახლოებული იყო ილია ჭავჭავაძესთან. მისი თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის.

ქართველი საზოგადო მოღვაწე სოლომონ ლიონიძე 1810 წელს რუსეთთან იმერეთის შეერთების გამო ახალციხეში გადმოიხვეწა. ლიონიძე 1811 წელს გარდაიცვალა ახალციხეში და აქვეა დაკრძალული.

| Print |