საზოგადოება
როდის ექნება ახალციხეს 24-საათიანი წყალმომარაგება?
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, ახალციხის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის დაწყება წლების წინ დააანონსა. უწყება ჯერ კიდევ 2020 წელს, ფეისბუკ გვერდზე წერდა, რომ პროექტი უკვე არსებობდა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. კომპანია ახალციხელებს 24-საათიან წყალმომარაგებას მას შემდეგ ყოველ წელს ჰპირდება. წერილში, რომელიც უწყებისგან "მეცხრე არხმა" მიიღო წერია, რომ ამჟამად ორი პროექტი მიმდინარეობს, რომელზეც 50 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

"სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში და მისი დასრულება ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია 2024 წლის 29 მარტს, სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალციხე და სოფლები - მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა და აბი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ქალაქ ახალციხის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მისი დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2027 წლის 4 იანვარს, თუმცა სამშენებლო სამუშაოები იწარმოებს და დასრულდება იმგვარად, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ქალაქ ახალციხეს სრულად ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება"- ნათქვამია მოწოდებულ ინფორმაციაში.

ახალციხის 33 ათასამდე მაცხოვრებელი კვლავ 24-საათიანი სასმელი წყლის მოლოდინშია. მოსახლეობა ამბობს, რომ მორიგი დაპირების აღარ სჯერათ და ხელისუფლებას დაპირებას შესრულებულად მხოლოდ მაშინ ჩაუთვლიან, როცა ონკანში სუფთა წყალი შეუზღუდავად წამოვა.

| Print |