საზოგადოება
საქართველოში კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3 000 ლარზე მეტია საჭირო - კვლევა
უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ თბილისში მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ 4000 ლარზე მეტი სჭირდებათ, ხოლო სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობის თქმით, კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში 2000 ლარის შემოსავალი ეყოფოდათ.

კითხვაზე, რამდენი ლარი იქნებოდა საკმარისი თქვენი ოჯახისთვის, რომ კომფორტულად იცხოვროთ, პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

7% - 1000 ლარამდე;

22% - 1001-2000 ლარამდე;

22% - 2001-3000 ლარამდე;

9% - 3001-4000 ლარამდე;

32% - 4000 ლარზე მეტი;

6% - არ ვიცი;

2% - უარი პასუხზე.

ამასთან, კვლევის თანახმად, უმრავლესობის თქმით, მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
| Print |