საზოგადოება
"უკვე მეორე დღეა შუქი არ გვაქვს, ვერც ცენტრალურ გზას ვუკავშირდებით" – ჯამბულ აბულაძე
ორ დღეზე მეტია რაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელას ელექტროენერგია არ მიეწოდება, ჩაკეტილია ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზებიც. მეზობელ სოფლებთან დაკავშირებას მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით ახერხებენ. ამის შესახებ ჭელას მეჩეთის წინამძღვარმა, ჯამბულ აბულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სოფელში ელექტროენერგიის გათიშვას სისტემური ხასიათი აქვს, გათიშვის მიზეზებზე კი პასუხს არავინ სცემს.

"უკვე მეორე დღეა შუქი არ გვაქვს, არც გზები იწმინდება. საუბარია შიდა სასოფლო გზებზე. ტექნიკის არარსებობის გამო ვერ წმენდენ გზებსო, როგორც რწმუნებულმა გვითხრა. ასფალტს მუხლუხებიანი ტექნიკა აფუჭებსო. სპეც. ტექნიკა არ ჰყოლიათ თურმე. ასე რომ ცენტრალურ გზას ვერ ვუკავშირდებით სოფლებიდან მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილები გამოდიან.

ეს არაა პირველი შემთხვევა, შუქის გათიშვას სისტემური ხასიათი აქვს. უბრალოდ არავინაა პასუხის გამცემი რატომ ითიშება ელექტროენერგია ასე სისტემურად. რა ხდება არავინ ინტერესდება. სხვადასხვა ღონისძიება თუ საქმიანობა გვაქვს დაგეგმილი მაგრამ უშუქობის გამო შეწუხებული ვართ უკვე აუტანელია ეს ყველაფერი"
– განაცხადა "მეცხრე არხთან" ჭელას მეჩეთის წინამძღვარმა ჯამბულ აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მაღალმთიანი სოფლები უამინდობის გამო, უკვე რამდენიმე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლები კი აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ.
| Print |