საზოგადოება
როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვა მოქმედებს წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო (აიაზმა-ნინოწმინდა) გზაზეც.

ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ22-კმ80 (დოლოგანი-ხულო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

უამინდობა რეგიონში მეორე დღეა გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |