საზოგადოება
აბასთუმნის ობსერვატორიის საერთო საცხოვრებელში შეშვების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა
აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა დღეს, 15 თებერვალს, თბილისში აქცია გამართეს. ისინი პროტესტის მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ თავად და თავიანთი ოჯახის წევრებს აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე, საკუთარ საცხოვრებლებში არ უშვებენ.

აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მცხოვრები თეონა ტოროშელიძე ამბობს, რომ აკრძალვის დაწესებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, განათლების სამინისტროს დახმარებით, სახლებში შესვლის ნებართვა მოიპოვეს – აბასთუმნის ობსერვატორია სწორედ ამ უწყებას ექვემდებარება.

თუმცა, ტოროშელიძის თქმით, 2024 წელს გამოიცა ხელახალი ბრძანება, რომლის თანახმადაც, ისევ აკრძალვა წესდება. ამასთან, შექმნილია ფორმა, რომლითაც ობსერვატორიის თანამშრომლების ოჯახის წევრები A, B, C, D, E კატეგორიებად არის დაყოფილი.

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბინებში შესვლა თავდაპირველად პანდემიის, შემდგომ კი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საფუძვლით შეუზღუდეს.

საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც.

ძველი თანამშრომლებიდან ზოგიერთი ახლაც ამ ბინებში ცხოვრობს. პირველი თაობის წარმომადგენელთა შვილები და შვილიშვილები დასახლებაში ხშირად ჩადიან და ახალ წელს თუ საზაფხულო არდადეგებსაც იქ ატარებენ.

თუმცა ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ ტერიტორიაზე შესვლა მეტად გართულდა. იქ მცხოვრები თანამშრომლების ოჯახის წევრებმა კი არ იციან, ოდესმე კვლავ შეძლებენ თუ არა, დაუბრკოლებლად შევიდნენ ბინებში, რომლებთანაც მრავალი წელი და მოგონება აკავშირებთ.
საქართველოს სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომლები გასული წლის 22 დეკემბერს, აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილ/მოქმედ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მიერ ბრძანებით დადგენილი ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების განსხვავებული წესების კანონიერებისა და დაწესებული შეზღუდვების აუცილებლობის საკითხები.

მანამდე კი აბასთუმნის ობსერვატორიის ადმინისტრაციამ ბინების საკითხზე მოქალაქეებს დიალოგი 2023 წლის ივლისში შესთავაზა. 

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ:

ობსერვატორია ვერ აკონტროლებს თავისი საბინაო ფონდის ნახევარს - რევაზ ჭანიშვილი

აბასთუმნის შემდეგ აქცია თბილისში გაგრძელდება, უფრო მასშტაბური - აქციის მონაწილეები

სახალხო დამცველი აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა
| Print |