საზოგადოება
რამდენი მძღოლი დასაქმდება ახალ ავტობუსებზე?
ახალციხის მუნიციპალიტეტს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი 16 თებერვალს გადაეცა. ავტოპარკი ფუნქციონირებას მალე დაიწყებს, თუმცა მძღოლებისთვის 70 ვაკანსია უკვე გამოცხადდა. დასაქმებულთა ანაზღაურება ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 800 ლარია. ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, 18-დან სამი ავტობუსი ქალაქს, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის სოფლებს მოემსახურება.

ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით. EURO 5 სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8 მეტრიანი ავტობუსები იქნა შეძენილი.
| Print |