საზოგადოება
უდეში დახმარებას ითხოვენ - მეწყრულმა პროცესებმა 3 ოჯახი დააზიანა
ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. უდეში, ერთ-ერთ უბანთან ("პირდაპირები"), რომელშიც დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს სამი სახლი დაზიანდა და ათამდე ოჯახს საფრთხე შეექმნა. მერის ინფორმაციით, საცხოვრებლად უვარგისია ერთი საცხოვრებელი სახლი და გასახლება შეიძლება შეეხოს დამატებით ოთხ ან ხუთ ოჯახს.

,,გეოლოგები მუშაობენ და შემდეგ გვეცოდინება, რამდენად იქნება მოსახლეობის გაყვანა საჭირო - მზად გვაქვს ფართი, სადაც შეგვიძლია მათი გადაყვანა... ბოლო სამი-ოთხი დღეა, რაც შევნიშნეთ და დროული რეაგირება მოხდა", - ამბობს გოჩა ქიმაძე.
მოგვიანებით მეწყრული პროცესების განვითარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. უწყება განმარტავს, რომ სოფელ უდეში გააქტიურდა წლების წინ წარმოწმნილი მეწყრული მასა.

,,სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები", - აცხადებენ უწყებაში.

სოფელში, რომელშიც დაახლოებით 1800 ოჯახი ცხოვრობს, მეწყრული პროცესების განვითარება პროგნოზირებულია "გარემოს ეროვნული სააგენტოს" საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც 2023 წელში მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებზე წერია.
,,პერიოდული აქტიურობით გამოირჩევა სოფელში განვითარებული 2 მეწყრული უბანი. პირველ უბანზე, რომლის ფართობი 15,2 ჰექტარია, გასულ წლებში დააზიანა 120-მდე საცხოვრებელი სახლი, სრულად დაინგრა 9, მათ შორის საავადმყოფოს შენობა. ამჟამად საფრთხის ქვეშაა ხიმინჯებზე დამონტაჟებული გაზსადენის მილი", - წერია დოკუმენტში სოფელ უდეზე.

ამავე ბიულეტენის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არის 16 მეწყრული უბანი, ქვათაცვენის 9 უბანი, ჩამონაშალის 1, გვერდითი ეროზიის 1, ინფრასტრუქტურის 22 ობიექტი და 17 საცხოვრებელი სახლი.
| Print |