საზოგადოება
რა ღირს პასპორტის აღება 2024 წელს
ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანისათვის 150 ლარს შეადგენს და დოკუმენტი 10 სამუშაო დღის ვადაში მზადდება. იმ შემთხვევაში თუ გსურთ, ვადა შეამციროთ და 5 სამუშაო დღის განმავლობაში აიღოთ, მაშინ 180 ლარი უნდა გადაიხადოთ. 2 ან 3 სამუშაო დღეში დამზადებული პასპორტის ღირებულება 225-300 ლარია. ხოლო გადაუდებელი სიტუაციებისათვის დოკუმენტის იმავე დღეს დამზადებაც შეგიძლიათ, ასეთ დროს 350 ლარი უნდა გადაიხადოთ.

განსხვავებული ტარიფით სარგებლობენ ის არასრულწლოვანი პირები, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურთ. სტანდარტულად 10 დღის ვადაში დამზადებული პასპორტის ღირებულება 75 ლარს შეადგენს. 5 ან 3 სამუშაო დღეში დამზადებული დოკუმენტისათვის 105 - 150 ლარის გადახდა მოგიწევთ. თუ უფრო მოკლე ვადებში გსურთ პასპორტის მიღება, მაშინ 24 საათიანი სერვისის არჩევა შეგიძლიათ, რაც 225 ლარი ღირს, იმავე დღეს დამზადებული დოკუმენტის საფასური კი 275 ლარია.

გახსოვდეთ, რომ დამზადებული ბიომეტრიული პასპორტის შესაძლებელია გადაეცეს პასპორტის მფლობელ სრულწლოვან და 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებს, მოთხოვნის წარმდგენ პირს ან მინდობილობის მქონე პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებებიდან ოფიციალური დოკუმენტის გატანას ვერ შეძლებთ.

საქართველოში ბიომეტრიული პასპორტი 18 წელს მიღწეული პირისათვის 10 წლის, ხოლო არასრულწლოვანისათვის 3 წლის ვადით გაიცემა.

არსებობს გარკვეული შემთხვევები, როცა ოფიციალური დოკუმენტის შეცვლის აუცილებლობა დგება. მაგალითად, პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას შესაბამის დაწესებულებებს ახლის დამზადების მიზნით აუცილებლად უნდა მიმართოთ. ამასთანავე, თუკი ბიომეტრიულ პასპორტში რაიმე სახის უზუსტობას აღმოაჩენთ ან სახელს/გვარს შეიცვლით, დოკუმენტის შეცვლის მოთხოვნით დაუყოვნებლივ გააკეთეთ განაცხადი. პასპორტი შევლას ექვემდებარება მაშინაც თუ მასში ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების რაოდენობა ამოიწურება, დოკუმენტი დაზიანდება ან გაიცვითება.

ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად დაინტერესებულ სრულწლოვან პირს სულ რამდენიმე დოკუმენტი დასჭირდება, ესენია: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბიომეტრიული ფოტოსურათი და მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.
| Print |
თეგები: პასპორტი / ფასი /