საზოგადოება
სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულის ოჯახის წევრებს - ბაკურიანში დიტო გოგოლაძეს გლოვობენ
ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარს მეოთხე დღეს მიაგნეს. მაშველებმა ჯერ მიაკვლიეს "ბურანს", რომლითაც კაცი გადაადგილდებოდა, შემდეგ მის ტანსაცმელს და ბოლოს - ცხედარს. დაღუპულi ექსპერტიზისთვის ახალციხეში გადაიყვანეს. 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე ბაკურიანის მკვიდრია და ტრაგედიის დღეს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, თოვლში "ბურანით" სეირნობდა. მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი ზვავს გადაურჩა.

ოჯახს სამძიმარი ღია წერილით სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გამოუცხადა.

,,ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და რელიეფის მიუხედავად, ოთხი დღის განმავლობაში, ინტენსიურად ეძებდნენ ზვავში მოყოლილ პიროვნებას", - აღნიშნულია ბესიკ ამირანაშვილის წერილში.

28 მარტს, დაბა ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

სამძებრო სამუშაოებს, გარკვეულ ეტაპებზე, უამინდობა და, მათ შორის - ძლიერი ქარი უშლიდა ხელს.
| Print |