საზოგადოება
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა გადაიხადა. ცენტრალურ პარკში მდებარე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალციხის მერიის ახალგაზრდული საბჭოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმაც.


| Print |
თეგები: 9 აპრილი /