რეგიონი
ოდესის ოლქში 30 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
ხუთამდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი მამაკაცი. ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა. მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 23 დაშავებული, რომელთაგან 4-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

30 აპრილი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის არმიამ ოდესაზე სარაკეტო იერიში 29 აპრილს მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქის სანაპიროზე, ხალხმრავალ ადგილას.

ხანძარი გაუჩნდა ეროვნული უნივერსიტეტის, "იურიდიული აკადემიის" შენობას, რომელსაც ოდესელები "ჰარი პოტერის ციხე-სიმაგრეს" უწოდებენ.

ოდესის სანაპიროზე მდებარე ამ შენობას "კივალოვის სასახლესაც" უწოდებენ. შენობის ერთ ნაწილში ოჯახთან ერთად ცხოვრობს უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი კივალოვი, რომელიც ამჟამად "ოდესის იურიდიული აკადემიის" პრეზიდენტია. უკრაინული მედიის ცნობით, 29 აპრილს, რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილთა შორის კივალოვიცაა.

სერგეი კივალოვი უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა 2004 წელს, "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს. მას ადანაშაულებდნენ პრეზიდენტობის პრორუსი კანდიდატის, ვიქტორ იანუკოვიჩის სასარგებლოდ შედეგების გაყალბებაში.

2012 წელს, კივალოვი იყო თანაავტორი უკრაინის პარლამენტში წარდგენილი სკანდალური კანონპროექტის, რომელიც რუსული ენის სტატუსის დაცვასაც ეხებოდა.

| Print |