მიუსაფარმა ძაღლებმა ნინოწმინდაში ბატკნები დაგლიჯეს
ფოტო არქივიდან
ნინოწმინდის სოფელ სათხის მაცხოვრებლის უნიკ ხაჩატურიანის საქონლის სადგომში, მიუსაფარმა ძაღლებმა 26 ივნისს ბატკნები დაგლიჯეს.
უნიკ ხაჩატურიანმა, გამთენიისას, ბეღელში, ექვსი დასახიჩრებული ბატკანი იპოვა. ნინოწმინდის მერიის წარმომადგენელი სათხის თემში გაბრიელ კაზარიანმა tv9news.ge-ს განუცხადა, რომ მომხდარის შესახებ ხაჩატურიანმა უკვე დაწერა განცხადება ნინოწმინდის მერიაში და მიყენებული ზარალისთვის ხელისუფლებას დახმარება სთხოვა.
,,ჩვენ არ ვართ მონადირეები, მიუსაფარი ძაღლების დახოცვა არ შეგვიძლია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძაღლებმა სოფელს ასეთი ზარალი მიაყენეს. მე ვურჩიე უნიკს, განცხადება დაეწერა, ფოტოები გადაეღო ბატკნებისთვის და დახმარება ეთხოვა. საქმე პროცესშია და შესაძლებლობის მიხედვით დავეხმარებით" - აღნიშნა გაბრიელ კაზარიანმა.
მეცხოველეობა სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი დიდია. ერთი ბატკანი 250-დან 300 ლარამდე ღირს, ამიტომ ადგილობრივისთვის ზიანის ოდენობა 2 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია არა მხოლოდ ნინოწმინდაში, არამედ მთელს რეგიონში.