საზოგადოება
„რუსეთიდან ასეთი დამოკიდებულებების გამო წამოვედი, იგივე აქ აღარ მინდა“ - ახალციხელები ე.წ „რუსულ კანონს“ აფასებენ
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს ახალციხეში ადგილობრივები აფასებენ. ისინი ერთადერთ საკითხზე თანხმდებიან, რომ საქართველოს გზა ევროპაში მიდის და წარსულში დაბრუნება არ სურთ. ადგილობრივების მტკიცებით, საქართველოს მთავრობამ ხალხის აზრს პატივი უნდა სცეს და მსგავსი გადაწყვეტილებებით, ევროპული კურსიდან არ გადაუხვიოს.

„21 წელი ვიცხოვრე რუსეთში, ასეთი კანონებით, თავისუფალი აზრის შეზღუდვით და არეულობებით, რომ არ მინდოდა ცხოვრება, იმიტომ წამოვედი. ახლა აქ იგივე აღარ მინდა“ - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც რუსეთის უსამართლობას გამოქცეული ბოლო რამდენიმე წელია ახალციხეში ცხოვრობს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და პირველი ფინანსური შეზღუდვა დაუწესა, რომელიც 30 მილიონი ევროს გაყინვას გულისხმობს. თანხა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უნდა მოხმარებოდა. ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმასაც აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში მდგომარეობა არ გამოსწორდა, ევროკავშირი მზად არის სხვა ნაბიჯების გადადგმაზეც იფიქროს.

ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.

კანონის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.

ე.წ "რუსული კანონის" მიღების გამო აშშ-მ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები უკვე აამოქმედა.

| Print |