საზოგადოება
საქსტატის დირექტორმა ახალციხეში შეხვედრა გამართა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებას აღწერის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოში მოსახლეობის აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

აღწერა 2 ეტაპს მოიცავს:

პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია,რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე.

მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000-მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავს მოსახლეობას.

რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთან დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში.
| Print |