საზოგადოება
ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში ოთხი ვერტმფრენი ჩაერთო
ბორჯომში, ნეძვის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ოთხი ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე მუშაობენ რეგიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რეინჯერები და ადგილობრივებიც. მძიმე ტექნიკას ხანძრის კერებამდე გზა გაჰყავს იმისათვის, რომ სახანძრო მანქანებმა შეძლოს მისვლა.
ცეცხლი ნეძვის აღკვეთილის დაახლოებით ერთ ჰექტარზე მეტს უკიდია, შერეული ტყე იწვის. ტერიტორია დასახლებული პუნქტისგან მოშორებით არის.
ახალდაბაში ხანძარი, გუშინ 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში გაჩნდა თუმცა მიუვალი ადგილის გამო ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტერიტორიაზე გუშინვე მომზადდა სპეციალური გუბურები იმისათვის რომ პროცესში დილიდან ვერტმფრენები ჩართულიყვნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება.
გააზიარეთ :