ბორჯომში ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის
ნეძვის აღკვეთილში გრძელდება ხანძრის ქრობის პროცესი. კერასთან მუშაობს ცოცხალი ძალა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკა ვერ ახერხებს სამუშაოებში ჩართვას.
შუალოს მთაზე ტორფი და შერეული ტყე იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 150 მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი და ასევე რეინჯერები მუშაობენ. ცეცხლი დაახლოებით, ერთ ჰექტარზეა გავრცელებული. უწყების ინფორმაციით, ვითარება კონტროლირებადია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
მძიმე ტექნიკა ამ დრომდე ჭრის გზას, თუმცა კლდოვანი რელიეფის გამო, გზის მიყვანა ბოლომდე ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველებს ფეხით უწევთ გადაადგილება. ამ ეტაპზე ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძარი დაცულ ტერიტორიაზეა და დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა, ამიტომ ახალდაბაში ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. დაკვამლიანება ახალდაბაში გუშინ საღამოს შენიშნეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება.