საზოგადოება
ახალციხეში, კლუბის შენობასთან დაკავშირებით სოფიო ხორგუანი აუდიტის სამსახურს მიმართავს
სამცხე-ჯავახეთში "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა დღეს, 21 იანვარს მედიასთან ბრიფინგი გამართა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ბიუჯეტის კონტროლთან დაკავშირებით მიმართა.

სოფიო ხორგუანის თქმით, საქმე ეხება ახალციხეში რუსთაველის N124 -ში მდებარე კლუბის შენობას. ახალციხის მერიამ ავარიული შენობის რეაბილიტაცია-დემონტაჟზე 300 000 ლარამდე დახარჯა, რაც მისი თქმით, წყალში გადაყრილი ფულია.

უფრო კონკრეტულად კი კლუბის შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდეგ დემონტაჟში ახალციხის მერია 227 918 ლარს დახარჯავს. აღნიშნულ თანხაში არ შედის შენობის სამხარაულის ექსპერტიზისა და დემონტაჟის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის ღირებულება. მერიამ თითქმის 300 000 ლარამდე უკვე დახარჯა პროექტზე, რომელიც ვერ შესრულდა. შედეგად კი გამოცხადდა ახალი ტენდერი 4 970 158 ლარზე.

"ეს პირველი და ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის, როდესაც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის, ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადოდ დაგეგმვის, ასევე სამუშაოების უხარისხობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი იქნა იგივე დარღვევები, არაფერი შეცვლილა დღემდე. ქვეყანა ისევ დაუცველია არაკეთილსინდისიერი მოხელეების მხრიდან თანხის ანალოგიურად გაფლანგვის შესაძლებლობისაგან"- აცხადებს სოფიო ხორგუანი.

აქედან გამომდინარე, იგი მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მიაწოდონ ინფორმაცია, აქვთ თუ არა შესწავლილი ახალციხეში კლუბთან დაკავშირებული ეს კონკრეტული საკითხი, თუ შეისწავლეს რა რეაგირება მოახდინეს, თუ არ და დაუყოვნებლივ დაიწყონ მისი შესწავლა. ასევე, გადაეცათ თუ არა შესაბამისი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან ერთად აუდიტის სამსახურისგან "გახარია საქართველოსთვის" რეგიონული წარმომადგენელი ითხოვს, განახლებული ინფორმაცია განათავსონ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი გახადონ დაინტერესებული პირებისთვის.

| Print |