1-ელი ივნისიდან ავტოსადგურები ახალი წესებით იმუშავებენ
საქართველოში ავტოსადგურები 1-ელი ივნისიდან ვალდებული იქნებიან საქმიანობის გასაგრძელებლად სერტიფიკატები აიღონ, რომლის თანახმად ავტოსადგურებში დამონტაჟდება ელექტრონული ტაბლოები და სპეციალური ბაქნები, ასევე დაინერგება ელექტრონული ბილეთების შეძენის სისტემა.
ავტოსადგურების სერტიფიცირება ხორციელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ამჟამად ქვეყანაში აქტიურ ფაზაშია.
„ქართულ რეალობაში უცხო იყო ბილეთების ელექტრონული შესყიდვის სისტემა, მხოლოდ ინდივიდუალურ გადამზიდავებს ჰქონდათ. ჩვენი ინფორმაციით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ქმნის ერთიან პლატფორმას ელექტრონული ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელთანაც ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ. ასევე იქნება ელექტრონული ტაბლოები, როგორიც არის აეროპორტებში, რომელიც აჩვენებს ტრანსპორტის შესვლას, გასვლას და დაგვიანებას. ყველა სიახლე იქნება მორგებული მგზავრების უსაფრთხოებაზე და კომფორტზე", - განაცხადა ავტოსადგურების ქსელ „ოკრიბას" წარმომადგენელმა პაატა ყვავაძემ.
2025 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა რეგლამენტი, რომლის თანახმად მძღოლებმა უნდა მიიღონ ნებართვა მგზავრების გადაზიდვაზე.