სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ახალციხეში ისევ უმოქმედოდ დგას
21:07 / 16.05.2017
ახალციხის მერიის მიერ 10 წლიანი სესხით შეძენილი ნაგავმზიდები ექსპლოატაციაში ისევ ვერ შევიდა.
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ტექდათვალიერების დოკუმენტები დაგვიანებით მიიღეს, ნომრებს კი მაქსიმუმ ორ დღეში აიღებენ.
2 მაისს "მეცხრე არხის" მიერ გაკეთებულ სიუჟეტში მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ 10 მაისამდე ქალაქს ახალი ნაგავმზიდები მოემსახურებოდა. გარდა ამისა გადანაწილდებოდა მანქანებთან ერთად შეძენილი ასი კონტეინერი. თუმცა ამ დროისთვის ვერც ურნების სრულად განაწილება მოესწრო.
იანვარში შესყიდული ორი ნაგავმზიდი 9 აპრილის ქუჩაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე დგას. ქალაქს ამ დრომდე ისევ ძველი მანქანები ემსახურება.
ორი ნაგავმზიდისა და 100 ერთეული კონტეინერის შეძენა ახალციხის მერიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. ამისთვის მუნიციპალიტეტმა 10–წლიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აიღო.