საზოგადოება
ადიგენის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა
ადიგენის მუნიციპალიტეტში საახალწლო მზადება დაიწყო.

მერიამ ახალი წლის ზეიმთან დაკავშირებით, დაბა ადიგენში ქუჩების საახალწლო აქსესუარებით და სცენით უზრუნველყოფის მომსახურებაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რა ევალება ტენდერში გამარჯვებულს. დაბა ადიგენში საახალწლო ღონისძიებისათვის საჭიროა მოეწყოს სცენა. მის უკან დამონტაჟდეს ბანერი წარწერით ,,გილოცავთ შობა-ახალ წელს“, ასევე ორი პროჟექტორის მონტაჟი სცენის გასანათებლად.

მერიის მიმდებარედ, პარკის ტერიტორიაზე არსებული ნაძვის ხე უნდა მოირთოს ბანტებით, ბურთებით, ციმციმა ნათურებით, ყურძნის მტევნებით, დიდი ზომის ზარებით. ასევე უნდა მოირთოს პარკში არსებული ხეები ელექტრო მილებით.
მერიის შენობაში უნდა დაიდგას პატარა ზომის ნაძვის ხე.

უნდა მოხდეს მერიის შენობის ფასადის, მოაჯირის, ქვის მოაჯირებისა და პატარა ზომის ნაძვის ხეების მორთვა ციმციმა ნათურებით. ასევე აივანზე ციმციმა ნათურებით უნდა მოხდეს წარწერის - ,,2018“ მონტაჟი.
ახალი წლის ღამეს მოხდეს ფეიერვერკებით ღონისძიების დასრულება.

დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ნაძვის ხისა და საახალწლო აქსესუარების მონტაჟი არაუგვიანეს 29 დეკემბერს უნდა განხორციელდეს, დემონტაჟი კი არაუგვიანეს 2018 წლის 16 იანვრამდე.

ადიგენის მერია საახალწლო მორთულობებისთვის 3 122 ლარის დახარჯვას აპირებს.
| Print |