საზოგადოება
განახლებული საპროტესტო აქცია
ქალაქ ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მცხოვრებლებმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

მოქალაქეები ხე–ტყის გადატანის დროს ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ავტომობილების უმეტესობა უსამართლოდ არის ჩამორთმეული. ჩამორთმეულ მანქანებს უკვე თვეებია არ უბრუნებენ და პროკურატურა საქმის გამოძიებას აჭიანურებს. აქციის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს შეხვდნენ და მას მანქანების დაბრუნებაში დახმარება სთხოვეს.

გუბერნატორთან შეხვედრის შემგედ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აკაკი მაჭუტაძემ მოქალაქეებს ადვოკატის აყვანა ურჩია. აქციის მონაწილეები არ უარყოფენ, რომ მათ ხე-ტყე უკანონოდ გადაჰქონდათ.

გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს, სადაც პროკურორს შეხვდნენ.

საოლქო პროკურატურაშიც პროკურორებთან სასაუბროდ ხუთი მონაწილე შეიყვანეს. აქცია ახალციხეში, 26 იანვარს დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა.

დაზარალებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნების მოთხოვნით 18 დეკემბერსაც გამართეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2017 წლის ნოემბერში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს.

პოლიციამ გამოვლენილი 15 ავტომანქანა დალუქა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

| Print |