საზოგადოება
"აღიარეთ სომეხთა გენოციდი" – მსვლელობა ახალციხეში
აღიარეთ – ამ შეძახილებით აღნიშნეს ახალციხეში სომეხთა გენოციდის 103–ე წლისთავი.

მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, ფეხით მსვლელობა მოაწყო და 1915 წლის 24 აპრილი გაიხსენა.

მოქალაქეები რაბათში, გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ, საიდანაც წირვის შემდეგ, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან გადაინაცვლეს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩა შეძახილებით, დროშებითა და ტრანსფარანტებით გაიარეს.

,,ხაჩქართან” ანუ ქვის ჯვართან, სასულიერო პირებმა გენოციდის მსხვერლთათვის პარაკლისი გადაიხადეს. ახალციხის სომხური სკოლის მოსწავლეებმა კი ფლეშმობი მოაწყვეს.

მსვლელობის მონაწილეებს გენოციდის დღე მიუსამძიმრეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინეპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო და ეს პროცესები 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.

სომხური მხარის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი პირი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე კი მთელ მსოფლიოში გაიფანტა.

მსოფლიოს 20–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.

| Print |