სოფლის მეურნეობა
უშედეგო პროტესტი
76 წლის ლამარა ღონღაძეს გული წყდება, რომ მისი სოფელი მაღალმთიანი დასახლების სტატუსით ვერ სარგებლობს. მითუმეტეს, რომ მეზობელი სოფლის - ქვემო სხვილისისგან განსხვავებით, ზემო სხვილისი ზღვის დონიდან უფრო მაღლა მდებარეობს.

„თუ მაღალმთიანი დასახლების სტატუსს მოგვცემენ დენის გადასახადი შეგვიმცირდება და პენსიას 40 ლარი დაემატება. გული მწყდება ქვემო სხვილისი რომ მოხვდა ამ სიაში და ჩვენ არა, ვინც უფრო მაღლა ვცხოვრობთ. ამბობენ მიგრაციით წყვეტენ ამ საკითხსო. იმათი დიდი სოფელია და ამიტომ ჩანს თითქოს იმ სოფელს უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, არადა ჩვენი სოფლიდანაც ბევრი ადამიანია წასული“, -ამბობს პენსიონერი ლამარა ღონღაძე.



სოფლის აბსოლუტური უმრავლესობისათვის „მაღალმთიანი დასახლების სტატუსი“ დაკავშირებულია კომუნალური გადასახადების შემცირებასა და პენსიის გაზრდასთან. პენსიონერების გარდა, სტატუსი მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, ვისი შვილიც სტუდენტი ან აბიტურიენტია.
ზემო სხვილისში მცხოვრები რუსუდან რიბაკოვა სამი შვილის დედაა. სტუდენტის დედა წუხს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეღავათებით ვერ სარგებლობს.

„სტატუსის მინიჭება ჩემთვის შემცირებულ გადასახადს ნიშნავს, ისე როგორც ეს სხვა სოფლებშია. მყავს სტუდენტი შვილი, რომელსაც ყოველწლიურად სწავლის ფულს ვუხდი. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სწავლის გადასახადის განახევრება ან მთლიანად დაფინანსება. ასევე მყავს ორი პენსიონერი და მათთვის დამატებული 40 ლარი ოჯახს გამოადგება“ - ამბობს რუსუდან რიბაკოვა.

მოსახლეობის რამდენიმეწლიანი პროტესტის მიუხედავად, ახალციხის მუნიციპალიტეტში ზემო სხვილისმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ამ დრომდე ვერ მოიპოვა.

„დაბლა სკოლა და ბაღი აქვთ, წყლის პრობლემა არ აწუხებთ, უფრო კარგად ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენ, თუმცა მაღალმთიანში მაინც არ შეგვიყვანეს“ – ამბობენ სოფელში. 



მერის წარმომადგენლის გევორქ ექნოსიანის აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ მიენიჭა, მიგრაციის დაბალი მაჩვენებელია.

„პარლამენტმა ალბათ მიგრაციით გადაწყვიტა სტატუსი მიენიჭებინა თუ არა. ზემო სხვილისს აუცილებლად უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი და მათაც უნდა ჰქონდეთ შეღავათები. არის იმედი, რომ ეს მოხდება, თუმცა ყველაფერი მაინც დეპუტატების გადასაწყვეტია“- აცხადებს გევორქ ექნოსიანი.

2014 წლის მონაცემებით, ზემო სხვილისში 278 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დღეს ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობა მას მერე კიდევ უფრო შემცირდა და ამ დროისათვის მათი რიცხვი დაახლოებით 200-ს შეადგენს.ზემო სხვილისი ზღვის დონიდან 1 050 მეტრზე მდებარეობს, მაშინ როცა სტატუსმინიჭებული ქვემო სხვილისი 30 მეტრით დაბლაა.

,,მოსახლეობისთვის პრობლემა ისიც არის, რომ ერთმანეთის გვერდით მდებარე ორი სოფლიდან ერთ-ერთმა, ქვემო სხვილისმა სხვა 2 000-მდე დასახლების მსგავსად აღნიშნული სტატუსი უკვე მოიპოვა. სახელწოდებას გეოგრაფიულ მონაცემებსაც თუ შევადარებთ ნათლად დავინახავთ განსხვავებას!“ - ამბობს ადგილობრივი ვალიკო პაპიძე.



,,ის ფაქტი, რომ ქვემო სხვილისს მიენიჭა სტატუსი და ზემო სხვილისს არა, არის ტექნიკური შეცდომა და ის აუცილებლად უნდა გასწორდეს. სინამდვილეში ეს ერთი სოფელია და ის მხოლოდ პირობითად, უბნებად არის დაყოფილი ზემო და ქვემო სხვილისად. აქედან გამომდინარე ფაქტი -სოფლის ერთ ნაწილს მიანიჭო სტატუსი და მეორეს არა, მითუმეტეს თუ პირველი მათგანი უფრო ზემოთ მდებარეობს ვიდრე მეორე, ლოგიკას მოკლებულია“ - აცხადებს ,,მეცხრე არხთან" არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი.

გიორგი ანდღულაძის აზრით, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ სად რამდენი მოქალაქე ცხოვრობს ან რამდენი ადამიანის მიგრაცია მოხდა.



,,კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ პირდაპირ, მკაცრად განსაზღვრავს ზღვის დონიდან გარკვეულ სიმაღლეზე მდებარე სოფლების საკითხს, რომელთაც შეღავათები უნდა მიენიჭოთ და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი ცხოვრობს სოფელში და რამდენმა დატოვა. მთავარია სოფელი,თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ჯდებოდეს იმ საზღვრებში, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“.

კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. კანონის ამოქმედების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1 730 დასახლებას მიენიჭა, სადაც მცხოვრები 243 000 მოქალაქე კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათით სარგებლობს. სოციალურ შეღავათები ითვალისწინებს: საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიაზე ყოველთვიურ დანამატს; მოხმარებული ელექტროენერგიის 50%-ის ანაზღაურებას; საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებულ შეღავათებს და ა.შ.
| Print |