სოფლის მეურნეობა
ახალციხის ბაზარში კარტოფილის ფასი გაორმაგდა

 

სამცხე-ჯავახეთში კარტოფილი გაძვირდა. კილოგრამი ბოსტნეული საშუალოდ, 60 თეთრი ღირდა, ბოლო ორი კვირაა ფასი გაორმაგდა.

 

ახალციხის ცენტრალურ ბაზარში, საშუალო ხარისხის კარტოფილის შეძენა 1,20 თეთრად არის შესაძლებელი. მოვაჭრეები ამბობენ, რომ რეგიონში ბოსტნეულის მარაგი ამოიწურა და თურქეთიდან შემოტანა შეიზღუდა, ფასის ცვლილებაც ამან გამოიწვია.

„სოფლებში დავდივარ და ვყიდულობ, მსხვილ კარტოფილს ვეღარც ვშოულობ. ვისაც აქვს ადგილზევე ლარს და 30 თეთრს მიფასებენ“, - ამბობს იაკობ ნადირაძე, რომელიც ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ბოსტნეულს ყიდის.

„მომხმარებლის რაოდენობა ძალიან შემცირდა. ადრე დღეში 2 ტომარას ვყიდდი, დღეს შეიძლება 10-15 კილო გავყიდო. იძახიან ძვირიაო, მაგრამ შაქარი და ზეთიც ხომ გაძვირდა?“, - გვითხრა თენგიზ ვარდიძემ.

ფერმერები ამბობენ, რომ კარტოფილის რეალიზაციას შემოდგომაზევე, დაბალ ფასად ახდენენ. ამიტომ ბოსტნეულზე დეფიციტი ყოველ გაზაფხულს იქმნება და ფასიც იმატებს. 

tv9news.ge ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ.

 

| Print |