სოფლის მეურნეობა
ახალციხეში ,,კამეჩის მომშენებელთა საქართველოს ასოციაცია" შეიქმნა (ფოტო/ვიდეო)
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში კამეჩის მომშენებელთა საქართველოს პირველი ასოციაცია ჩამოყალიბდა.

ასოციაციას გიული გოგოლი, გივი ბასილაძე და ადგილობრივი ბიზნესმენი მამუკა ნასიძე უხელმძღვანელებენ.

კამეჩის მომშენებელთა საქართველოს ასოციაცია ახალციხის იუსტიციის სახლში ექვს სექტემბერს დაარეგისტრირეს. მისი შექმნის მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით კამეჩთა მოშენება, ამ დარგის პოპულარიზაცია და სელექციის გზით გამრავლებაა.

"ქიზიყსა და დასავლეთ საქართველოში ცალკეული ფერმერები აშენებენ ამ პირუტყვს, მათი მობილიზებაა ერთიანი სისტემის შექმნა, მოვუაროთ ამ პირუტყვს, გავამრავლოთ და გავაუმჯობესოთ სელექციის გზით, რათა ფერმერის შრომა დავაფასოთ“ - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე გიული გოგოლი.

1919 წლის აღწერით, საქართველოში 153 ათასი სული კამეჩი ჰყავდათ. თანდათანობით, მუშა პირუტყვზე მოთხოვნილების შემცირებამ სულადობის კლება გამოიწვია.

,,კამეჩი გაცილებით ნაკლებს იწველის, ვიდრე კულტურული ჯიშის ძროხები - ეს არის ამ ჯიშის სულადობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა მეურნეები არ ითვალისწინებენ იმას, რომ კამეჩის რძე გაცილებით ცხიმიანია და ხასიათდება მთელი რიგი სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებებით, მათ შორის ანტიოქსიდანტები“ - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

ბოლო მონაცემებით, კამეჩის რაოდენობა საქართველოს მასშტაბთ 15-16 ათასს აღწევს. გივი ბასილაძე ამბობს, რომ ეს ციფრი კამეჩის გადაშენების საფრთხეს გულისხმობს. ასოციაციაში გაწევრიანებული ერთ-ერთი შპს ,,ლაბა პროდუქტი“ სამი წლის წინ, ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში დაარსდა და კამეჩის რძისგან მაწონსა და ყველს აწარმოებს. პროდუქციის ძირითადი ბაზარი თბილისში, გუდვილის ქსელი, აგროჰაბი და რამდენიმე რესტრორანია.

,,ძვირადღირებული პროდუქტია, რადგან შრომატევადი საქმეა. ძირითადი ბაზარი მაინც თბილისშია. ახალციხეში ძირითადად, ყველი იყიდება“ - ამბობს შპს ,,ლაბა პროდუქტის“ ხელმღვანელი და ასოციაციის თანადამფუძნებელი მამუკა ნასიძე.

ერთი თვის წინ მამუკა ნასიძემ აზერბაიჯანიდან ახალციხეში 80 სული კამეჩი შემოიყვანა და კიდევ დაახლოებით, 100 სულის შემოყვანას გეგმავს.

,,ეს იქნება კარგი მაგალითი ყველა სხვა ფერმერისთვის, რათა კამეჩის სულადობა გაიზარდოს. საბოლოო მიზანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამაში მეკამეჩეობამაც შეიტანოს თავისი წვლილი. დიდი სურვილი მაქვს, კამეჩის სულადობა გაიზარდოს და ფერმერები ჩაერთონ იმ პოროგრამებსა და შეღავათებში, რითაც მეძროხეობის დარგის ფერმერები სარგებლობენ“ - აცხადებს გივი ბასილაძე.

300-გრამიანი კამეჩის მაწონი 4 ლარი, ერთი კილოგრამი ყველი კი 13-14 ლარი ღირს.

,,რაოდენობა ნეტავ იყოს, რომ ხალხს მივაწოდოთ, შეკითხვები და მოთხოვნები ბევრია“ - გვითხრა მამუკა ნასიძემ.

შპს ,,ლაბა პროდუქტი" მოცარელა ყველის წარმოების დაწყებასაც გეგმავს. ,,კომპანიას გადაწყვეტილი აქვს წმინდა სისიხლის კამეჩი მოიძიოს. ბაზარი გაჯერებული არაა კამეჩის პროდუქციით, მთავარია რაოდენობა შეიქმნას. მას შემდეგ ასოციაცია გეგმავს პროდუქტის მეზობელ ქვეყნებში გატანასაც“ - ამბობს მამუკა ნასიძე.

| Print |