სოფლის მეურნეობა
ფერმერები კარტოფილის დაბალი ფასის გამო ჩივიან (ფოტორეპორტაჟი)
კარგი მოსავალი, ცუდი ამინდი და დაბალი ფასები - ფერმერებს კარტოფილის მოყვანისთვის გაწეული შრომა ენანებათ.

ახალციხის სოფლებში ამბობენ, რომ მოსავლის მოყვანისთვის გაწეული ხარჯი აღემატება შემოსავალს.

ყულალისელი ემილია კრტიანი ამბობს, რომ ფერმერები მიწას წვიმის იმედად ამუშავებენ. გასულ წელს ამინდში გაუმართლათ და კარგი მოსავალი მიიღეს. წელს კი, ყულალისში უკმაყოფილონი არიან.



„წელს ცუდი ამინდები იყო. კარტოფილის მოსავალი საშუალოა, დამპალიცაა და კარგებიც. წყალი არ არის რომ ყანა მოვრწყათ, კიდევ კარგი წვიმდა და ამან უშველა მოსავალს“, - გვიყვება ყულალისის მკვიდრი ვერა კრტციანი.

ხაკში კარტოფილის ამოყრა დილით ადრე იწყება. მამაკაცები მცირე ზომის ტრაქტორით მიწიდან ბოსტნეულს იღებენ, მოგვიანებით, როცა მიწაზე გადაშლილ კარტოფილს „მზე დახედავს“, საქმეში ქალები და ბავშვები ერთვებიან.



სარქისიანების ოჯახი ყოველ წელს თავს კარტოფილით ირჩენს. ფერმერი წელს მოსავლით კმაყოფილია. ,,მოსავალს წამალი უნდა. კრედიტი ავიღეთ, დავთესეთ, მაგრამ შემოსავალი არ გვაქვს, რომ კრედიტი დავფაროთ მაინც. ეგ არის ჩვენი პრობლემა“, - გვეუბნება სირუნიკ სარქისიანი.


ხაკში ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით კარტოფილის მოსავალი წელს კარგი აქვთ. ფერმერებს ახლა ის აფიქრებთ, სად და რა ფასად გაყიდიან ბოსტნეულს.


ახალციხის ბაზარში კარტოფილის ფასი 50 თეთრიდან იწყება და ერთ ლარამდე მერყეობს.

ფერმერები დახმარებას სახელმწიფოსგან ელიან.
| Print |