სოფლის მეურნეობა
,,მოსახლეობა ჩაჭრას და სხვა გზით მიერთებას ითხოვდა" - ნინოწმინდის მერი (ვიდეო)
ნინოწმინდაში წყლის მიწოდების პრობლემა ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. სოფელ გორელოვკაში, წყალსადენზე 40-ზე მეტი უკანონოდ მიერთება სავარაუდოდ მაისამდე დარჩება. სპეციალური კომისია მეოთხე დღეა მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. ნინოწმინდის მერის განმარტებით, მიმდინარეობს სამუშაოები პრობლემის ალტერნატიული გზით მოსაგვარებლად.

საკრებულოს თავმჯდომარე TV9NEWS.GE -სთან განმარტავს, რომ პრობლემა მოგვარებულია და სოფელს წყალი უკვე მიეწოდება. სუმბატ კიურეღიანის თქმით, ყინვასა და უამინდობას, კომისიის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. ,,სოფელში უკანონო წყალი არ არსებობს, მოსახლეობამ რაც მოითხოვა, ის მიიღო. სოფელს წყალი მიეწოდება. და კიდევ, გორელოვკაში ხუთი კი არა 20 ფერმერია".

ანივარდ მოსოიანის თქმით, ცენტრალურ წყალსადენზე ამ ეტაპისთვის არაფერს ჩაჭრიან, რადგან ,,სოფელს ისედაც ჰქონდა წყალი, არავის შეწყვეტია, უბრალოდ ნაკლები მიეწოდებოდათ".

ნინოწმინდის მერი ამბობს, რომ ჯერ პრობლემის მიზეზი უნდა გაირკვეს - არასწორი დაქსელვაა თუ სხვა რამ და მერე დაიწყოს საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა. წყალმომარაგების ალტერნატიული პროექტის განსახორციელებლად კი გაზაფხულზე გამოცხადდება ელექტრონული კონკურსი.

,,მოსახლეობა ითხოვდა ჩაჭრას და მიერთებას სხვა მილებზე, რაც ამ დროისთვის შეუძლებელია. წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტებთან ერთად სამუშაო ჯგუფმა სამი დღე იმუშავა და პრობლემა მოგვარდა. ჩაჭრასთან ერთად მიერთებაც საჭიროა, რისთვისაც დიდი სამუშაოებია გასაწევი, ეს კი კლიმატური პირობების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია. რადგან მხოლოდ ჩაჭრით დაბალი ტემპერატურა წყალსადენს გაყინავს და გაზაფხულამდე მთელი სოფელი უწყლოდ დარჩება".

გორელოვკის მაცხოვრებლის მუჰამედ ბერიძის თქმით, ,,კომისია მოვიდა, მაგრამ ახლა მეორე პრობლემაა - საერთო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. არადა, აუცილებელია გაზაფხულამდე მოგვარდეს პრობლემა და წყალი გვქონდეს. კომისიის წევრები გაოცებულები იყვნენ, იმდენი უკანოო მიერთება იყო წყალსადენზე".

20 იანვარს, გორელოვკის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებასთან შეხვედრას და სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვდნენ. ადგილობრივების მტკიცებით, წყალსადენზე უკანონო მიერთებებით წყალი მხოლო მსხვილ ფერმერებს, მათ შორის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს მიეწოდებოდა, სოფელი კი ამის გამო უწყლოდ იყო დარჩენილი. მოგვიანებით მათ საქარველო-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც გადაკეტეს, რასაც მხარის გუბერნატორთან შეხვედრა და პრობლემის მოგვარების დაპირება მოყვა.

| Print |