სოფლის მეურნეობა
"თუ მართლა ჩაკეტილია საზღვრები, როგორ გადარეკეს თურქეთში 70 სული პირუტყვი“ - ჭაჭარაქის მოსახლეობა
სოფელ ჭაჭარაქიდან 70 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარეს. დაკარგული ცხოველები ჭაჭარაქის ოთხ მაცხოვრებელს ეკუთვნის. შემთხვევა 30 ივნისს, ღამით იმ საძოვარზე მოხდა, რომელიც თურქეთს ესაზღვრება.

მკრტჩ ელბაქიანი მთაში პირუტყვს ბავშვობიდან უვლის. 70 სულიდან მისი 25 პირუტყვი დაიკარგა. ამბობს, რომ კრედიტით გამოტანილი თანხით ნაყიდი პირუტყვის სესხი ბანკისთვის შემოდგომით უნდა დაებრუნებინა, თუმცა ახლა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს. დარწმუნებულია, რომ პირუტყვი მოიპარეს და ეჭვი იმაშიც არ ეპარება, რომ საქმეში ადგილობრივი მაცხოვრებელია გარეული, ვინც მთის გზები და ბილიკები კარგად იცის.

,,ჯერ ჩვენი ძალებით შევეცადეთ გვეპოვნა, მაგრამ როდესაც პოლიციას ვაცნობეთ და ძებნა დაიწყეს, მხოლოდ ამის შემდეგ დაგვირეკეს მესაზღვრეებმა და გვითხრეს, რომ ოთხი სული პირუტყვი გამოჩნდა მათ ტერიტორიაზე. საინტერესოა, თუ მართლა ჩაკეტილია ყველაფერი პანდემიის გამო, როგორ მოხდა 70 სული პირუტყვის ისე გადარეკვა, რომ მესაზღვრეეებმა ვერაფერი გაიგეს. ესე იგი სხვა რამეშია საქმე“ - ამბობს მკრტჩ ელბაქიანი.

მკრტჩის მსგავსად, სოფელ ჭაჭარაქის კიდევ 4 მაცხოვრებელი დაზარალდა. ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ პირუტყვი მეზობელ სახელმწიფოში გადაიყვანეს. ეჭვის საფუძველს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ცხენის კვალი აძლევთ, რომელიც ნეიტრალურ ზონაში იკარგება.

,,20 წელია ამ მთაში გვყავს საქონელი სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა ვართ და ჩვენი ძირითადი შემოსავალიც ეს არის, აქამდე ქურდობა არასდროს ყოფილა. ვიდრე დავკარგავდით საქონელს, მანამდე კახეთიდან გადმოვიდნენ მწყემსები, 5 ათასი სული ცხვარი და 500 სული პირუტყვი მოიყვანეს, ჩვენ საძოვრებს ვეღარ ვიყენებთ. წესია, სადაც ცხვარი გაივლის, იმ ბალახს საქონელი აღარ ჭამს, აქციაც გავმართეთ და ხელისუფლებას დახმარება ვთხოვეთ, რომ სხვა ადგილი მიეცათ მათთვის, შეგვპირდნენ ცოტა ხანი გვაცალეთო, მაგრამ ამასობაში კი დავკარგეთ საქონელი და დავზარალდით“ - ამბობს გრიგოლ ბეგოიანი.

კახეთიდან გადმორეკილ პირუტყვსა და ცხვარს, თვეზე მეტია ახალციხის მთებში ხუთი მწყემსი პატრონობს. ზღვის დონიდან 2 400 მეტრზე მყოფ ტერიტორიაზე 15-მდე სოფლის მოსახლეობა აბალახებს საქონელს. იორმუღანლოელი მწყემსი აიდინ რასულოვი ამბობს, რომ ტერიტორია მის უფროსს ნაქირავები აქვს და სეზონის ბოლომდე არსად წასვლას არ აპირებენ.

,,შემოდგომამდე აქ ვიქნებით, ასეა მოლაპარაკება. წელს პირველად ვართ ახალციხეში. ვიცი, რომ საქონელი მოიპარეს, მაგრამ ჩვენ არაფერი გაგვიგია - არც ხმაური, არც ფეხის ხმა. პოლიციაც იყო ამოსული, მათაც იგივე ვუთხარით“ - ამბობს მწყემსი.

მოსახლეობის თქმით, კრედიტებით ნაყიდი საქონლის თანხა შემოდგომით უნდა გადაეხადათ, მიყენებული ზარალი კი 150 ათასამდე ლარამდეა. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" პუნქტით დაიწყო, რომელიც განმეორებით ჩადენილ დიდი რაოდენობით ქურდობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

სამცხე-ჯავახეთში, პირუტყვის ქურდობის ეს პირველი შემთხვევა არ არის.


ასევე, დაგაინტერესებთ:

კარწახში ფერმის დარაჯი სცემეს და საქონელი გაიტაცეს

საპროტესტო აქცია ახალქალაქში

მოპარული პირუტყვი და დადეშელების საპროტესტო აქცია


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |