სოფლის მეურნეობა
ახალციხის სოფლებში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახალციხის სოფლებში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სპეციალური კომისია დღეს განადგურებულ მოსავალთან ერთად იმ ინფრასტრუქტურულ ზარალს სწავლობს, რომელიც მოსახლეობას სტიქიის გამო მიადგა.

სოფელ წნისში, დევაძეების ოჯახს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. წვიმამ მათ ასევე დაუზიანა სახურავი და საქონლის სადგომი.

კომისიას ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. გელა ნოზაძე განმარტავს, რომ 5 ივლისის მონაცემებით, მარტო სოფელ წნისში დაზიანებული 22 საცხოვრებელი სახლია.

პირველ ეტაპზე კომისია ექვსივე სოფელში მიყენებულ ზარალს დაითვლის და შედეგებსა და დახმარებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებს. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, რომელიც, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა, ახალციხის 6 სოფლის მოსახლეობა დააზარალა.

სოფლების - წნისის, მუგარეთის, ფერსის, გიორგიწმინდის, სვირისა და ბოგის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სტიქიამ მოსავალი მათ მთლიანად გაუნადგურა. ძლიერმა სეტყვამ პრობლემები შექმნა ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც.

დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ახალციხე - ბორჯომის ცენტრალური საავტომობილო გზა, რომელიც 4 ივლისის დაახლოებით 20:00 სთ-თვის გაიხსნა.


| Print |