სოფლის მეურნეობა
ვეტერინარები რეგიონის მოსახლეობას ყირიმ-კონგოსგან თავდაცვის საშუალებებს ასწავლიან
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობას ხვდებიან და ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციულ ღონისძიებებს აცნობენ. 

დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის და უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ. ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

მათი ინფორმაციით, ცხოველებში ყირიმ-კონგოს გავრცელების შესწავლის მიზნით, ვეტერინარიის დეპარატმენტის სპეციალისტები სისხლის ნიმუშებს იღებენ და იკვლევენ. კვლევა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით ხორციელდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო, ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ღონისძიებებს დაავადების გამოვლენის კერებში ყოველწლიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით 3 100-ზე მეტი სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფიადამიანები (მწყემსები, ფერმერები) და ის პირები, ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებს.
| Print |
თეგები: ყირიმ-კონგო /