სოფლის მეურნეობა
ქალაქიდან სოფელში - თბილისელი ოჯახის შეცვლილი ყოველდღიურობა
კორონაპანდემიამ საქართველოში არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. საგანგებო მდგომარეობის დროს, სახლებში "გამოკეტილებმა" გამოსავლის ძიება დაიწყეს. ქალაქის ხმაურსა და ვირუსს ბევრი მათგანი, გაერიდა და სოფლებს დაუბრუნდნენ.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მაღლაკელიძეების ოჯახი საცხოვრებლად თბილისიდან სლესაში გადავიდა.
სლესა სამხრეთ საქართველოს ისტორიული სოფელია და აწყურთან მდებარობს. იდეალური ადგილმდებარეობიდან და გარემოპირობებიდან გამომდინარე, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სწორედ აქ დასახლებულიყვნენ და სოფლის მეურნეობაში ბედი ეცადათ.


ოჯახმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო. თავდაპირველად მიწის ნაკვეთები და პატარა სახლი შეიძინეს და მიწაზე მუშაობას შეუდგნენ.

მაღლაკელიძეები სლესაში მარტის თვის შემდეგ ცხოვრობენ. ამ ეტაპზე 8 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ამუშავებენ. სასოფლო-სამეურნეო საქმეში ოჯახის ყველა წევრია ჩართული. დღეისათვის მათ ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობა - პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული, წიწკა, ხახვი, ლობიო მოჰყავთ.


ლევან მაღლაკელიძე სოფლის მეურნეობით დიდიხნის წინ დაინტერესდა. ოცნება, რომ საკუთარი ნაკვეთი ჰქონოდა, მხოლოდ წლების შემდეგ აიხდინა. პანდემიის დროს, როდესაც სახლიდან გარეთ ვეღარ გადიოდნენ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ეს პერიოდი და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სოფელში გადავიდა.

ლევანმა მეგობრების დახმარებით იპოვა ადგილი, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრებას ელემენტარულ პირობებში დაიწყებდა. ოჯახის წევრებმა მას მხარი დაუჭირეს და ნაკვეთების დამუშავება დაიწყეს.


„თავიდან მეშინოდა აქ ყოფნის, რადგან არავინ ცხოვრობს. მარტო ვართ, ხმაურიანი ქალაქიდან უცებ აქ ჩამოსვლა ძალიან ძნელი იყო“ -ამბობს ლიკა ჩაკვეტაძე.

ლიკას თქმით, სლესაში ყოფნა თავიდან მხოლოდ მას გაუჭირდა, თუმცა სიტუაციას მალევე მოერგო და აქაურ ცხოვრებას შეეგუა. ყველაზე მეტად სლესაში ცხოვრება ბავშვებს მოეწონათ. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი აქ საფრთხეს არ წარმოადგენს, მათ სახლში ყოფნა აღარ უწევთ.

გარკვეულ სირთულეებთან გამკლავება, თავიდან ოჯახის ყველა წევრს მოუხდა, თუმცა ეს პრობლემები მათ მოკლე დროში დაძლიეს.

„ ბავშვებს აქაურობა ისე მოსწონთ, წასვლა არც კი უნდათ, სულ ყანაში არიან, ხან ბებოს ეხმარებიან ხან მამას“ - ამბობს ლიკა.



ისევე როგორც ოჯახის ყველა წევრის, ლევანის დედის ვენერა თაქთაქიძის ყოველდღიურობაც რადიკალურად შეიცვალა.

„თავიდან, რომ ჩამოვედი არაფერი ვიცოდი, ახლა ისეთი მოსავალი მომყავს, აწყურიდან ჩემთან მოდის ხალხი მომყიდეო - მთხოვენ. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია“
- ამბობს ვენერა.

ჯერ მხოლოდ 5 თვეა გასული მას შემდეგ, რაც ქალაქელი ფერმერები სოფლის მეურნეობას მისდევენ. ფიქრობენ, რომ წლევანდელ შედეგს მომავალ წლებში უფრო გააუმჯობესებენ და პროდუქტის რეალიზებას, არამარტო თბილისა და ადგილობრივ დასახლებებში, არამედ საზღვარგარეთაც მოახდენენ.

„ იმედი მაქვს, მომავალ წლებში, ჩემი პროდუქტი საზღვრებს გაცდება“ - ამბობს ლევანი მაღლაკელიძე.

მათ ოჯახს ზედმეტსახელად „ქალაქელი ფერმერები“ შეარქვეს. ისინი მეურნეობის გაფართოებას გეგმავენ და ფიქრობენ ძალები სხვა დარგებშიც მოსინჯონ. ახლახან შეიძინეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ასევე, აპირებენ მეფუტკრეობაც აითვისონ.


„ყოველ დილით ყანაში რომ მივდივართ, სიმინდებში დათვი გვხვდება ორი ბელით, თავიდან გვეშინოდა ახლა ნელ-ნელა შევეგუეთ“ -ამბობს ლევანი.



ოჯახი ზამთარში ამ ადგილიდან იმ შემთხვევაში წავა, თუ საბავშვო ბაღები გაიხსნება. თუმცა ისინი დაწყებული საქმიანობის მიტოვებას არ აპირებენ.
ლევან მაღლაკელიძე გეგმავს სოფლის მეურნეობა უფრო მეტად გააფართოვოს და დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, კვლავ დღის წესრიგში დგას. ოჯახი იმედოვნებს, რომ "ქალაქელი ფერმერების" ოცნებები რამდენიმე წელიწადში რეალობად იქცევა.


მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |