სოფლის მეურნეობა
აგრარული კომიტეტი სოფლის მეურნეობის სფეროზე პანდემიის შედეგების შესწავლას იწყებს
„Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“ - ამ თემაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა. კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის თქმით, თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენს COVID-19 პანდემიის გავლენის კვლევა სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის წარმოებაზე, პროდუქციაზე მოთხოვნასა და მოხმარებაზე. 

,,ქვეყანა მუშაობს ეკონომიკური განვითარების ათწლიან გეგმაზე და გვინდა, რომ ამ თემატური მოკვლევით სწორი მიმართულებები მივცეთ, სად უნდა განხორციელდეს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა დარგში და გარდა ამისა, კარგად გავაანალიზოთ რა იყო ის მთავარი ნეგატიური შედეგები, რამაც დარგის განვითარებაზე მოახდინა ზეგავლენა“, - განაცხადა ამავე კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანმა.

თემატური ჯგუფის წევრები ნინო წილოსანის გარდა არიან: ხატია წილოსანი, შალვა კერესელიძე და გოდერძი ჩანქსელიანი. თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის წარმოების, მოთხოვნის და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. მოკვლევის სამოქმედო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 21 ივნისი, რის შემდეგაც დაგეგმილია კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
| Print |