სოფლის მეურნეობა
სოფელ ტურცხის მოსახლეობა აქციას მართავს
ახალქალაქის მერიასთან, საპროტესტო აქციას სოფელ ტურცხის მოსახლეობა მართავს. 70-მდე ადგილობრივი სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას მოითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების უყურადღებობისა და უწყლოობის გამო რამდენიმე დღის წინ წყალსაცავში 10 კილომდე თევზი დაიხოცა, რომელიც მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო.

,,ტურცხში არც სასმელი და არც სარწყავი წყალი გვაქვს, ბიუჯეტიდან ფული იხარჯება და ჩვენთან არაფერი კეთდება. მოვითხოვთ ჩატარდეს კვლევა, რომ გაირკვეს, სად გაქრა ბიუჯეტის ფული, რომელიც სოფელში წყლის პრობლემის მოგვარებას უნდა მოხმარებოდა" - ამბობს გაგიკ ალბერტიანი.

აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საკრებულოს დეპუტატი და მელიორაციის სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოიკვლევენ და შეისწავლიან შექმნილ ვითარებას, ასევე იმ ფაქტს, რატომ დარჩა ამ დრომდე სოფელი ტურცხი უწყლოდ.

თავდაპირველად, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეებთან შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე სურდათ, რასაც მოსახლეობა არ დათანხმდა.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და კონკრეტულ ვადებში პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.

სოფელ ტურცხში შექმნილ ვითარებას აფასებს არსენ კარაპეტიანი. ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ჯავახეთში მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირთა მთავარი პრობლემა - გულგრილობაა. სწორედ ამიტომ, არამარტო ტურცხში, არამედ ჯავახეთის სოფლების უმეტეს ნაწილში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემებია - აცხადებს არსენ კარაპეტიანი.

| Print |