სოფლის მეურნეობა
შესაკეთებელია წყალშემკრები აუზები და არხები - სამველ მანუკიანი
ახალქალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში ხელისუფლების დაპირებას, რომელიც წყლის პრობლემის მოგვარებას გულისხმობს, ამ დრომდე ელოდებიან. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოიკვლევენ და შეისწავლიან შექმნილ ვითარებას, ასევე იმ ფაქტს, რატომ დარჩა ამ დრომდე სოფელი ტურცხი უწყლოდ.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად უკვე დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში.

სამველ მანუკიანი ამბობს, რომ „შესაკეთებელია როგორც წყალშემკრები აუზი, ასევე არხები, რადგან ორივე დაზიანებულია და წყლის გარკვეული მარაგი იკარგება“.

მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ არ ჰყოფნის წყლის დებეტი სოფელს, თუმცა „მოსახლეობაც არ უფრთხილდება, როდესაც სასმელ წყალს სარწყავად იყენებს და ასეთ დროს ორივე მათგანის პრობლემა იქმნება".

მანუკიანის თქმით, წყალსაცავში თევზების დახოცვაც წყლის სიმცირემ გამოიწვია და იმედოვნებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად თანხის მოძიებას დროულად შეძლებენ.

7 აგვისტოს, ახალქალაქის მერიასთან, სოფელ ტურცხის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. 70-მდე ადგილობრივი სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას მოითხოვდა. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების უყურადღებობისა და უწყლოობის გამო რამდენიმე დღის წინ წყალსაცავში 10 კილომდე თევზი დაიხოცა, რომელიც მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო.
| Print |