სოფლის მეურნეობა
ვინ არიან სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო მეტყევეები
სამცხე–ჯავახეთის საუკეთესო მეტყევეებად ლევან თედიაშვილი და ჯუმბერ ქურდაძე გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, წლის საუკეთესო მეტყევეებად დაასახელა. 10 ოქტომბერს, მეტყევის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით, რთული და რისკის შემცველი საქმიანობის შესრულებისთვის, მათ შორის სიმბოლური საჩუქრებითაც დააჯილდოეს.

პროფესიით მეტყევე ლევან თედიაშვილი, ამჟამად სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ხე-ტყის დამზადების ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობს. სატყეო დარგში 24 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. პროფესიით მეტყევეა ჯუმბერ ქურდაძეც. მუშაობს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის მეტყევეს თანამდებობაზე. სატყეო დარგში 30 წლიანი გამოცდილება აქვს.

„საქართველოს ტყეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი... ამ სარგებლის გრძელვადიანად მიღება შეუძლებელი იქნება გამართული ინსტიტუციური სისტემის, საქმიანობის სწორად დაგეგმვის, ტყეების დაცვის, მოვლასა და აღდგენაზე ზრუნვის გარეშე, რაშიც მეტყევეების როლი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა”, - განაცხადა მეტყევეებისთვის პროფესიული დღის მილოცვის დროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა.
სააგენტოს უფროსმა, ქვეყნის უნიკალური რესურსის დაცვისთვის გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა როგორც მეტყევეებს, ასვე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. წლების განმავლობაში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა GIZ -ის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF), CENN -ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.
| Print |