ადიგენის მერიამ აჭარას ისე გადასცა ტერიტორია, რომ არ უმსჯელია - სოფიო ხორგუანი
21:42 / 21.10.2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ისე გადაეცემა, რომ ამაზე საკრებულოს არ უმსჯელია- აცხადებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რეგიონული ლიდერი სოფიო ხორგუანი.
მან ბრიფინგზე ის დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს მიმართა ადიგენის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ მუნიციპალიტეტის საზღვრის ცვლილებაზე ემსჯელათ.
წერილში წერია, რომ თუ ერთი თვის ვადაში თვითმმართველობა სააგენტოს არგუმენტირებულ პასუხს არ დაუბრუნებდა, ეს ჩაითვლებოდა თანხმობად და ადიგენის ტყის მასივი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცემოდა.
სოფო ხორგუანის თქმით, საკრებულოს ამ საკითხზე არ უმსჯელია, თვითმმართველობამ გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა და საკუთარი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. ყოფილი პრემიერის პარტიაში ადიგენის თვითმმართველობისგან ამ ფაქტზე განმარტებას ითხოვენ.