სიახლეები
ლაშა გეგეჭკორი: ,,სამცხე–ჯავახეთში, უპატრონო ძაღლთა პოპულაციისა და დაავადების მართვა უკონტროლოა"
მაწანწალა ძაღლების გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ახალციხეში. ქუჩაში უსაფრთხო

სიარული არაერთხელ გახდა ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი. 2017 წლის მონაცემების მიხედვით, კლინიკა იმედში ცხოველთა დაკბენის 187 შემთხვევა დაფიქსირდა. მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში განთავსდება ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა გადაწყვეტილია, რომ იგი 5 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება.

ქუჩაში მომრავლებული მაწანწალა ძაღლები ახალციხელებისთვის ერთ ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ,,მეცხრე არხი"–ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობიდან ხუთ ძირითად პრობლემას შორის,  ერთერთი სწორედ ქუჩაში უსაფრთხოდ სიარული აღმოჩნდა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან პრობლემის გადაჭრას მოითხოვენ.

2017 წლის მონაცემებით, ექიმ–რაბიოლოგებს ძაღლების მიერ დაკბენილმა 500–ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. სწორედ ამის გამო, სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს. სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, იგი ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინა.

ახალციხეში გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი ააიპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა და კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა თანამედროვე სახის სერვისებით უზრუნველყოფს, როგორც უპატრონო და მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს.

გამართულ შეხვედრაზე თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე იმსჯელეს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა მხარის ყველას თანაბრად აწუხებს და იგი ერთობლივი ძალებით უნდა გადაწყდეს.

წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი თავშესაფარი მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.


| Print |