სიახლეები
ავტომობილების ტექდათვალიერება 7 კრიტერიუმით შეფასდება
2018 წლიდან ავტომობილების ტექ-დათვალიერება სავალდებულო ხდება. პირველი იანვრიდან 2 წლის მანძილზე "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო" ტესტირებას გაატარებს საქართველოში მოძრავ ყველა ავტომობილს.

განსაზღვრულია ისიც, რომ ტექნიკური დათვალიერების შემდეგ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები საჭეს ვეღარ გადაიტანენ.

ტექ-დათვალიერება 60 ლარამდე ეღირება და მისი გავლა 6 წელს გადაცილებულ ავტომობილების შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ იქნება სავალდებულო, 4 წელს გადაცილებულების შემთხვევაში ორ წელიწადში ერთხელ.

ავტომობილების ტექდათვალიერების დროს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმოქმედებს, რომელიც ყველას მოეთხოვება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო" ავრცელებს.

"ეს არის - მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. ჩამოთვლილი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, რაც ყველას მოეთხოვება, აქ ვერანაირ შეღავათს ვერ გავაკეთებთ", - განუცხადა მედიას სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ.

რაც შეეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით გვაქვს 26 ტესტირების ცენტრი, რომელთაც აქვთ 35 ტესტირების ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ერთი ტესტირების ცენტრი, მაგრამ ჰქონდეს რამდენიმე ხაზი. ერთ ხაზზე კი ერთი მანქანა იტესტება.

"პირველ ეტაპზე არის ორწლიანი ციკლი, რათა მთლიანად მთელი ავტოპარკი მოვიცვათ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პირველ ტესტირებას 2018 წლიდან, ეს იქნება ორწლიანი, მაგრამ შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლი", - განაცხადა ხმალაძემ.


| Print |