COVID19
90 მილიონი ევრო საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90 მილიონს ევროს გამოუყოფს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, თანხა ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება. ზალკალიანი მადლობას უხდის ევროკავშირს - საგარეო საქმეთა მინისტრი საკითხს ტვიტერზე ეხმაურება.

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“ - წერს დავით ზალკალიანი.

31 მარტის 8:00 სთ-დან, საქართველოში, ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა. კარანტინი დილის რვა საათიდან აითვლება, ხოლო კომენდანტის საათი საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.

ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსის 103 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
| Print |