COVID19
მობილურის 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას არ იწვევს - ჯანმო
COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად სოციალურ მედიაში უამრავი მითი გავრცელდა, მათ შორის ერთ-ერთია მობილურის 5G ინტერნეტკავშირი ვირუსის გავრცელებასთან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ვირუსებს არ შეუძლიათ მოგზაურობა რადიოტალღებზე/მობილური ქსელებით და ახალი კორონავირუსი ვრცელდება ბევრ ქვეყანაში, სადაც არ აქვთ 5G მობილური ქსელი.

COVID-19 ვრცელდება რესპირატორული წვეთების საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით და შემდეგ ამ ხელის თვალზე, პირსა ან ცხვირზე შეხებით.

5G, ანუ მე-5 თაობა, არის მობილური ტელეფონების უახლესი უსადენო ტექნოლოგია, რომელიც ფართოდ 2019 წელს გავრცელდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, 5G-ს აქვს ინტერნეტის გაცილებით მაღალი სიჩქარე, დაახლოებით 10-20-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე 4G-ს. ტექნიკური კუთხით, 5G ძირითადი უპირატესობებია ქსელის უფრო მაღალი გამტარუნარიანობა, რაც უზრუნველყოფს დროის შუალედში უფრო მეტი მოწყობილობის დაკავშირებას; რადიოსიხშირული სპექტრის უფრო ოპტიმალურ გამოყენებას და ბევრად სტაბილურ და უწყვეტ კავშირს ქსელთან.

5G-სთან დაკავშირებით ჯანმო აქამდეც წერდა, რომ ზემოქმედება 5G-ს მომწოდებელი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც დაახლოებით 3.5 გეგაჰერცია, ანალოგიურია აქამდე არსებული მობილური ტელეფონების საბაზისო სადგურებისა. „იმ პირობით, რომ მთლიანი ზემოქმედება საერთაშორისო გაიდლაინებს არ გასცდება, არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის საზიანო შედეგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის,“ – აცხადებს ჯანმო.

ჯანმო ამჟამად მუშაობს არსებული რადიოსიხშირეების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკების შეფასებაზე, რომელიც მოიცავს მთელ რადიოსიხშირულ დიაპაზონს, მათ შორის, 5G-ს. ანგარიში მზად 2022 წლისთვის იქნება.
| Print |