COVID19
კორონავირუსისგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი: ორსული, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, მათ საერთო ჯამში ხუთი ანალიზი ჰქონდათ გაგზავნილი, აქედან 2 პირის შემთხვევაში იყო პირველადი ტესტირება და ამ შემთხვევებშიც უარყოფითი პასუხი მიიღეს. ის იმედოვნებს, რომ განმეორებით ჩატარებულ ტესტირებებშიც კვლავ უარყოფითი შედეგები დაფიქსირდება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 59 პაციენტი წევს. პირველ ქალბატონთან, რომელიც არის 24 კვირის ორსული, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი და რამდენიმე საათში ის გაეწერება კლინიკიდან. გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობაც და ამ ეტაპზე ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს.

რაც შეეხება დანარჩენებს, ყველასთვის საინტერესოა 80 წლის ქალბატონის შემთხვევა. ის ჩვენს კლინიკაში 18 დღის წინ შემოვიდა, კრიტიკულ მდგომარეობაში. იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის, გულისა და თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი. პროტოკოლის მიხედვით ორჯერადად ჩატარებული ტესტირებით გამოვლინდა უარყოფითი პასუხი. დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და ალბათ, ორშაბათისათვის გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას“
, - განაცხადა ლევან რატიანმა.
| Print |